სიგრძე 16-20 სანტიმეტრი, ფრთის – 9-9,5 მმ-მდე, კუდის – 8-10 სმ. წონა დაახლოებით 40-45 გრამი. კუდის სიგრძის გამო შედარებით დიდი ჩანს. მისი ძირითადი – ბუნებრივი შეფერილობა მწვანეა. თავის წინა ნაწილი და ყელი ყვითელი აქვს. თითო ლოყაზე აქვს თითო ლურჯი ლაქა, ლაქების ქვეშ კი რამოდენიმე შავი წერტილია. თავის უკანა ნაწილი და ზურგის ზედა ნაწილი ღია მწვანეა, მუქი ტალღისებრი ზოლებით დაფარული. ფრთებზე ზოლები უფრო მკვეთრი ხდება, შავი. კუდის ორი ყველაზე გრძელი ბურდღა მუქი ლურჯი ან შავი ფერისაა.
ტალღისებრებს გრძელი კიბისებრი კუდი აქვთ. თვალები მუქი ლურჯი, სარტყელი – თეთრი. ნისკარტი ბარტყებს აქვთ შავი, ხოლო ზრდასრულ ფრინველებს კი თივისფერი, მოყვითალო. ნისკარტის ზედა ნაწილი (ცვლილოვანა) კარგად აქვთ გამოკვეთილი, რითაც დგინდება ფრინველის სქესი. ზრდასრულ მამალს ის ლურჯი ან მუქი ცისფერი აქვს, მდედრს კი – მოვარდისფრო, უფერული ან მოყავისფრო.
ტალღისებრი თუთიყუში მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულია თუთიყუშის მოყვარულებს შორის. ის საკმაოდ ადვილად “თვინიერდება” და პატრონის მონდომების შემთხვევაში “ლაპარაკსაც” დაიწყებს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ეს ყველაფერი ძალზე ინდივიდუალურია. შეიძლება ერთმა თუთიყუშმა ლექსების დაზეპირება შესძლოს, მეორემ ორი-სამი სიტყვა ისწავლოს, მესამემ კი საერთოდ ვერაფერი. ამიტომ ყიდვის წინ უნდა წინასწარ მოვემზადოთ იმისათვის, რომ შეიძლება ჩვენი თუთო სრულიად არ აღმოჩნდეს ისეთი, როგორის ყიდვაზეც ჩვენ ვოცნებობდით
საერთოდ, ფრინველებს ტემპერატურა ყველაზე მაღალი აქვთ – 40-41 გრადუსი, რის გამოც მათი მეტაბოლიზმიც მაღალია. ამიტომ მათ ესაჭიროვებათ კარგი და მუდმივი კვება, რადგან თუნდაც ცოტა ხნით საკვების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ავადმყოფობა და საბოლოოდ სიკვდილიც.
ტალღისებრები იკვებებიან სხვადასხვა მარცვლეულით. სამშობლოში – ავსტრალიაში ისინი ძირითადად კენგურუს ბალახის თესლს ჭამენ. ბუნებაში ამასთან ერთად ისინი დიდი რაოდენობით მრავალფეროვან საკვებსაც პოულობენ – კენკრას, სხვა მარცვლეულს, ტოტებს, ხილს, მცირე მწერებს, რასაც ისინი ვერ ღებულობენ სახლის პირობებში. მიუხედავად ამისა, გალიებში ცხოვრება მათ არ უძნელდებათ და კარგად ეგუებიან ცხოვრების ასეთ სახეს. ისინი გალიებში წარმატებულად მრავლდებიან მრავალი წლის განმავლობაში. კარგად მიირთმევენ
სახლის პირობებში ტალღისებრი თუთიყუშის ძირითადი საკვები არის მარცვლეულ კულტურათა “ნარევი”, რომელიც ყოველ ზოომაღაზიაში იყიდება. მასში შედის სხვადასხვა მარცვლები, როგორიცაა პროსო (იხ. 1-2 სურათებზე), ხორბალი, ქერი, თესლი კანარის ჩიტებისათვის (იხ. 3 სურათზე) და სხვა. დამატებითად შეგიძლიათ მისცეთ მზესუმზირის მარცვლები, მაგრამ მცირე რაოდენობით, რადგან ის ძალიან ასუქებს ფრინველს, რაც უარყოფითად მოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე.
გიორგი მამარდაშვილი